logo
ENG



კობახიძისთვის EU-ის 13 ქვეყნის მინისტრის განცხადებასაც "არავითარი ფასი არ აქვს"

21 ოქტ 202415:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/21/e152q1c3svb9i9p.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას საქართველოზე "არავითარი ფასი არ აქვს".

"4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა. ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს. [...] ამ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს", - თქვა კობახიძემ.

ამ კონტექსტში მან ასევე ისაუბრა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე და თქვა, რომ მოლდოვამ "ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა" და "თუ სადმეა საჭირო ასეთი განცხადებები, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით". 

"მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები, თქვენ ხედავდით, რა მოხდა მოლდოვაში, ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ. [...] მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, მოლდოვას, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა და განცხადებები თუ სადმე არის საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით", - ამბობს კობახიძე.

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსით, ქვეყანა გაერთიანების წევრი ვერ გახდება.

ამასთან, განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ხელშია და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.

განცხადებაში საუბარია დეზინფორმაციაზეც, რომელიც, ევროპის საკითხთა მინისტრების ცნობით, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა გაავრცელა.


close დახურვა